ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საუბარია ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე, რომელიც შესახებაც, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ნეგატიურად შეაფასა ხსენებული ინიციატივები.
მიუხედავად ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეჭვის თვალით უყურებს უცხოურ დაფინანსებას. დოკუმენტი დასძენს, რომ საერთო ჯამში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონების“ ან მსგავსი კანონმდებლობის მიზანია, ზოგადად ასეთ დაფინანსებებსა და მიმღები ორგანიზაციების აქტივობებზე კონტროლის გაზრდა, მათთვის ახალი ვალდებულებების დაკისრებით, როგორიცაა მაგალითად ცალკე და გართულებული რეგისტრაცია, ე.წ. “იარლიყის” მიწებება, აღრიცხვა, ანგარიშგების დავალდებულება და ა.შ.
დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ეს რეგულაციები ხშირად არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები გვკარნახობს, რომ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები უნდა იყოს კანონიერი, მიჰყვეს ლეგიტიმურ მიზნებს, აჩვენოს პროპორციულობა და აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის.
შეფასების შედეგად დადგინდა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონების შემოღების აუცილებლობის დასასაბუთებლად ხშირად არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ეროვნულ ინტერესებისთვის ან დემოკრატიისთვის ხელშესახებ, მიმდინარე ან სერიოზულ საფრთხეზე. ამასთან, კანონის შემოღების მიზანშეწონილობაზე მსჯელობის დროს ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო სექტორის რისკზე-დაფუძნებული ადეკვატური შეფასებები, რომელიც ადასტურებს კრიმინალურ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას.
უფრო მეტიც, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივების ეროვნული დასაბუთება, როგორც წესი არ არის „რელევანტური და საკმარისი“. ისინი ვერ ახერხებენ არსებული კანონების არასრულყოფილების ან ახალი ზომების მიღების მიზანშეწონილობის დემონსტრირებას.
„აბსტრაქტული ვარაუდი, რომ უცხოეთიდან შემოსული ყველა თანხა წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან,“ – ნათქვამია დასკვნაში.
ასევე აღნიშნულია, რომ დაფინანსების უცხოური წარმოშობის გამო განსხვავებული მოპყრობა პოტენციურ დისკრიმინაციაზე მიუთითებს. არასამთავრობოებზე დაკისრებული რეგულაციები ხშირად და მკაფიო განმარტებების გარეშე უფრო მკაცრია, ვიდრე რეგულაციები ბიზნესების მიმართ. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „კანონმდებლები, როგორც წესი, ვერ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ შეაფასეს კანონმდებლობის პოტენციური უარყოფითი გავლენა ორგანიზაციებზე ან განიხილეს სხვა სამართლებრივი ალტერნატივები და შეარჩიეს ფუნდამენტური უფლებების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომები.“
დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის დაფინანსების „გამჭვირვალობის“ ან „საჯაროობის“ მოთხოვნა თავისთავად არ არის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ის შეიძლება, დასაშვები იყოს კონკრეტულ გარემოებებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ან დანაშაულის თავიდან აცილებასთან.
დასკვნა ხაზს უსვამს იმას, რომ ისეთი მიზნები, როგორიცაა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ავტომატურად არ ამართლებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ახალი ანგარიშგების ვალდებულების შემოღებას. უცხოურ კანონებზე მითითებები, როგორიცაა აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ავსტრალიის „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS) არ არის შესაფერისი იმ ინიციატივების გასამართლებლად, რომლებიც მიმართულია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროებო ორგანიზაციებისკენ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონები აწესებს კონტროლის ზომებს, როგორიცაა, დაუგეგმავი ინსპექტირება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კანონები გამოიყენება დაჯარიმების, თავისუფლების აღკვეთის ან არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვისთვის, რაც დარღვევებთან შედარებით არაპროპორციულ დამსჯელ ზომებად არის მიჩნეული.
ეს კანონები ხშირად არღვევს თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, ირიბად გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმცირესობების ადვოკატირებას ახდენენ. ამასთან, „უცხოეთის აგენტების“ კანონები წარმოშობენ მოქმედი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში უნდობლობის, შიშისა და მტრობის გაღვივების რისკებს, რაც ართულებს მათ საქმიანობას.