ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა

დღეს, 9 აგვისტოს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მას გადაეცა ნოტა, რომელშიც გამოხატული იყო მწვავე პროტესტი რუსეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დიპლომატებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ, მოსკოვში დიპლომატიური მისიის კულტურულ ცენტრში შეზღუდა შესვლა.

შეხვედრის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენცია ადგენს, რომ მისიების მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყენებული შენობები ხელშეუხებელია.

მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ხსენებულ შენობებში ვერ შედიან მისიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.


შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაში რუსეთს ელჩი არ ჰყავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირება გადაწყვიტა და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება გასული წლის აპრილში, კიევის რეგიონში რუსული სისასტიკის გამოვლენის შემდეგ უბრძანა.