გუბერნატორის თქმით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი ჭურვი აფეთქდა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის სოფელ გორკოვსკის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფლის ცენტრში, სკოლის მახლობლად, ხუთი ჭურვი აფეთქდა, ერთ-ერთ ქუჩაზე კი, ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

დაზიანებულია სახლების სახურავები, ფასადები, ზოგიერთში ჩამტვრეულია მინები. ბელგოროდის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შებეკინოს რაიონის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა. მისივე ცნობით, საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.


გლადკოვმა დაბომბვაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმაში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების ხელისუფლებები დაბომბვების შესახებ იუწყებიან.