ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters

ფინეთისა და ნორვეგიის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Yandex-ს (YNDX.O) და ნიდერლანდებში დაფუძნებულ მის პარტნიორ კომპანიას - Ridetech International, Yandex Yango-ს აპლიკაციის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალეს.

Reuters-ის ცნობით, ფინურმა მხარემ განმარტა, რომ მათთვის ცნობილია იმ საკანონმდებლო რეფორმის შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთში სექტემბრის დასაწყისიდან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს „იანდექსის“ მიერ შესრულებული ოპერაციების დროს დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის უფლება ექნება.


ნორვეგიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ არსებობს გარკვეული რისკები, რადგან რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, პოტენციურად გააკონტროლოს ნორვეგიის მოქალაქეების გადაადგილება.

რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნორვეგიის და ფინეთის მარეგულირებლების მოთხოვნებს სწავლობენ და აპირებენ, სრულად დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნები.

ამასთან, ამტკიცებენ, რომ მათი სერვისი მონაცემებს ევროკავშირის კანონმდებლობის მკაცრად დაცვით ამუშავებს. ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.


ცნობისთვის, „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

შესაბამისი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 9 აგვისტოს გაავრცელა.