პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
„საზღვარზე, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი განთავსდება, საიდანაც 4 000 უშუალოდ მესაზღვრეებს დაუჭერს მხარს, ხოლო 6 000 რეზერვში იქნება. ბელორუსის საზღვართან ჯარს მივაახლოებთ, რათა აგრესორი შეშინდეს და ჩვენზე თავდასხმა ვერ გაბედოს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მედიამ 9 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს. ასევე 9 აგვისტოს გავრცელებული ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნიდა. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.
2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.