კიევში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისია, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე გახდა

კიევში განთავსებული ირლანდიელი დიპლომატები რუსულ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის სამიზნე გახდნენ.

კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა, ოსიან სმიტმა დაადასტურა, რომ ირლანდიის დიპლომატიური მისია კიევში იყო ერთ-ერთი იმ 22 უცხოური საელჩოდან, რომელიც ამ ზაფხულის დასაწყისში ჰაკერების ჯგუფის სამიზნედ იქცა. ეს ჯგუფი ცნობილი როგორც  - „Cozy Bear“ და დაკავშირებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან.


სმიტმა განმარტა, რომ ჰაკერების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მათ ირლანდიური მისიის სისტემებში ვერ შეაღწიეს.

„მე დარარწმუნა საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა, რომ მათ წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და რომ ზიანი არ მიგვიღია. ამის შესახებ დეპარტამენტმა ასევე აცნობა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს,“ - განმარტა მინისტრმა.

თავდასხმის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლონელ დიპლომატს მისი მანქანის პოტენციური მყიდველი დაუკავშირდა და ავტომობილის იმაზე დაბალი ფასი შესთავაზე, ვიდრე დიპლომატს თავდაპირველად ჰქონდა მითითებული. გაირკვა, რომ ფასი რუსმა ჰაკერებმა შეცვალეს. წვდომა კი, ამ მანქანის რეკლამის გამოყენებით შეძლეს. 

გასულ წელს ირლანდიამ კიბერუსაფრთხოების სფეროში უკრაინას ერთი მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერა გაუწია.


უკრაინის დედაქალაქში საელჩოების სისტემაში შეღწევის მცდელობა კიბერუსაფრთხოების კომპანიის Palo Alto Network-ის 42-ე განყოფილების მკვლევრებმა გამოავლინეს. კიბერდანაშაულის დეტალებზე მათ გასულ თვეში ისაუბრეს.