ჩეხეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პეტრ კუბერნატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პეტრ კუბერნატმა პეტრ მიკისკა შეცვალა. 


საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირები ინტენსიურად ვითარდება, რაც გამოიხატება ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკაში.

„ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ურთიერთობათა კიდევ მეტად გაღრმავების პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, განათლების სფეროებში.


ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტებისადმი. მან ასევე გამოხატა მზაობა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას,“- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.