ოკუპირებული ყირიმის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა - უკრაინული მედია

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ხიდის გარშემო 12 აგვისტოს აფეთქება მოხდა. ასევე, უკრაინული მედიის თანახმად, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ხიდთან კვამლი ამოდის.
 
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ოკუპირებული ყირიმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ქერჩის სრუტეზე ორი რაკეტა გაანადგურა და რომ ყირიმის ხიდი არ დაზიანებულა.
 
ტელეგრამ არხ Mash-ის ცნობით, ხიდზე მოძრაობა მორიგი დარტყმის საფრთხის გამო შეჩერდა.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქსიონოვს ციტირებს, რომელიც ირწმუნება, რომ მოძრაობა მალე აღდგება. 

მანამდე, 12 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში ღამით, 20 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ბოლო თვეებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიასა და რუსეთის შიგნით თავდასხმები გახშირდა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.