ვარშავა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლუკაშენკოს შეთავაზებას პასუხობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შესახებ. მისი თქმით, ეს მხოლოდ ბელორუსის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რადგან კიევს არასდროს ჰქონია მტრული ზრახვები ბელორუსის მიმართ.

„თუ ბელორუსს სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს პოლონეთთან, ამის გზა ძალიან მარტივია. შეაჩერეთ თავდასხმები ჩვენს საზღვარზე, გაათავისუფლეთ ანდჟეი პოცობუტი და სხვა 1000 ადამიანი ბელორუსის ციხეებიდან", - განაცხადა პაველ იაბლონსკიმ.


„ჩვენ არ ვაპირებთ ბელორუსთან ცუდი ურთიერთობების შენარჩუნებას. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ ისინი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი იყვნენ, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც იქცევა და ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს. მხოლოდ ბელორუსს აქვს მტრული განწყობა პოლონეთის მიმართ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ლუკაშენკოს თქმით, საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ბელორუსი ცდილობას, პოლონეთთან ურთიერთობი გააუმჯობესოს.

ბელორუსის ლიდერის თქმით, მინსკი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გამწვავებას უნდა მოერიდოს და მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან კონტაქტები არ უნდა გაწყვიტოს.


„პოლონელებს უნდა დაველაპარაკოთ. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.


პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა.


შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.