რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა.
ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან — NATO-სთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად — სანქციების რამდენიმე პაკეტზეა შეთანხმებული.
23 თებერვალს დაწესდა სანქციები რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. მას ინტერვენციის დაწყების შემდეგ სანქციების თერთმეტი პაკეტი დაემატა, რომელთაგან პირველი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დამტკიცდა.
2022 წლის 26 თებერვალს, 28 თებერვალს, 15 მარტს, 8 აპრილს, 30 მაისს, 21 ივლისს, 6 ოქტომბერს, 16 დეკემბერს და 2023 წლის 25 თებერვალსა და 23 ივნისს კი, ევროკავშირმა სანქციების დამატებითი პაკეტები დააწესა.
ფინანსური სექტორი
ევროკავშირმა რუსეთის წამყვანი ბანკები გათიშა SWIFT-იდან, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ბანკების პირველ ჯგუფს სანქციები დაუწესდა 2022 წლის 2 მარტს, შემდეგ კი მათ რუსეთის სამი საკრედიტო ინსტიტუტი დაემატა, მათ შორის 2022 წლის 3 ივნისს — ქვეყნის უდიდესი ბანკი, სბერბანკი. 2022 წლის 16 დეკემბერს სანქციები შეეხო დამატებით სამ რუსულ ბანკს. ამ შეზღუდვაში რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკისთვის ტრანზაქციების სრულად აკრძალვაც შევიდა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას იწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს უკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება.
ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა. სანქციები კრიპტოაქტივებზეც ვრცელდება.
ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიღება აუკრძალა. მათ ასევე აღარ აქვთ წვდომა კრედიტუნარიანობის შეფასებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სააბონენტო მომსახურებაზე. ამ გზით მათ კიდევ მეტად ეზღუდებათ ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე წვდომა.
2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირი ბიზნესთან დაკავშირებული კონკრეტული მომსახურებების გაწევის აკრძალვაზე შეთანხმდა. ეს მომსახურებებია: ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი, კანონმდებლობით დადგენილი აუდიტი, ბუღალტრული და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, ბიზნესის და მართვის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს მომსახურებები. ამ სერვისებზე წვდომა ეზღუდებათ რუსეთის მთავრობას, იურიდიულ პირებს, ორგანოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში არიან დაარსებული.
ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები — მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ. დაწესებული შეზღუდვების მეშვეობით რუსეთში მოიმატებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, გაიზრდება ინფლაცია და თანდათანობით ჩამოიშლება რუსეთის სამრეწველო ბაზა. ამასთან, რუსეთის ელიტას აღარ შეუძლია თავისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ევროპაში უსაფრთხოდ გადამალვა.
საჰაერო სივრცე და ტრანსპორტი
ევროკავშირმა დაკეტა ევროპის საჰაერო სივრცე რუსეთის მფლობელობაში მყოფი ან რუსეთში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავისთვის — მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. ამ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვება, ამ ტერიტორიიდან აფრენა ან მის თავზე გადაფრენა.
2022 წლის 8 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აუკრძალა. ასევე დაწესდა აკრძალვა ევროკავშირში მომუშავე რუსულ და ბელარუსულ ტვირთის საგზაო გადამზიდავებზე. გამონაკლისი შეეხება ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის და სასურსათო საქონელი, ჰუმანიტარული დახმარება და ენერგია.
გარდა ამისა, ევროკავშირმა საავიაციო და კოსმოსური წარმოების საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. ასევე აიკრძალა ამ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დაზღვევის თუ ტექნიკური მომსახურების სერვისებიც. ეს სანქციები ერთობ ეფექტიანი იქნება, რადგან რუსეთის კომერციული თვითმფრინავების ამჟამინდელი ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია წარმოებული.
ენერგეტიკა
2022 წლის 30 მაისს ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის ოპერატორებს აეკრძალათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების დაზღვევა და დაფინანსება.
ევროკავშირმა ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი. მან, ამასთან, შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაც შეზღუდა.
ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას.
2022 წლის 15 მარტს კი, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე.
სანქციების 2022 წლის 8 აპრილს დაწესებული მეხუთე პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.
2022 წლის 6 ოქტომბერს მიღებული სანქციების მერვე პაკეტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოიტანა, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე.
ტექნოლოგიები
ევროკავშირმა დააწესა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიის ექსპორტზე. შეზღუდვები დაწესდა იმ ტიპის საქონლის და ტექნოლოგიის ექსპორტზეც, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის და უშიშროების სექტორის ტექნოლოგიურ გაძლიერებას შეიძლება შეუწყოს ხელი. ამაში შედის ისეთ პროდუქცია, როგორიცაა ნახევარგამტარები თუ მოწინავე ტექნოლოგიები და, ასევე, რეაქტიული ძრავების საწვავი და საწვავის დანამატები, რომლებიც რუსეთის ჯარმა შეიძლება გამოიყენოს.
2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა დააწესა დამატებითი შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციის და რადიოკომუნიკაციის ტექნოლოგიების ექსპორტზე. მან რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი იმ სახელმწიფო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც ფინანსურ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. გარდა ამისა, საზღვაო უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტისთვის წინასწარი ინფორმაციის გაზიარების პირობა დაწესდა.
8 აპრილს ევროკავშირმა დამატებითი მიზნობრივი საექსპორტო აკრძალვები შემოიღო ისეთ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ევროკავშირის მარაგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ეს მოიცავს კვანტურ კომპიუტერებს, მოწინავე ნახევარგამტარებს, მგრძნობიარე აღჭურვილობას, სატრანსპორტო აღჭურვილობას და ქიმიურ ნივთიერებებს. აკრძალვებში მოხვდა სპეციალური კატალიზატორებიც, რომლებიც გადამამუშავებელ წარმოებაში გამოიყენება.
3 ივნისს ევროკავშირმა გააფართოვა საექსპორტო შეზღუდვების ნუსხა და მასში ისეთი დამატებითი ქიმიური ნივთიერებები შეიტანა, როგორებიც ქიმიური იარაღის წარმოების პროცესში შეიძლება იყოს გამოყენებული.
6 ოქტომბერს შეზღუდვებში მოყოლილი პროდუქტების სია კვლავ გაიზარდა და მასში მოექცა ის კონკრეტული ელექტრონული კომპონენტები, ქიმიკატები და საქონელი, რომლებიც სიკვდილით დასჯის, წამების თუ სხვა სასტიკი, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. სანქციების მერვე პაკეტით ასევე აიკრძალა სამოქალაქო იარაღის და მისი არსებითი კომპონენტების თუ ტყვია-წამლის, სამხედრო ტრანსპორტის და მოწყობილობების, გასამხედროებული მოწყობილობების და სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, მიწოდება, ტრანსპორტირება თუ ექსპორტი.
2022 წლის 16 დეკემბერს მიღებული სანქციების მეცხრე პაკეტით საექსპორტო შეზღუდვები შეეხო დრონის ძრავებს, საკამუფლაჟო მოწყობილობას, დამატებით ქიმიურ/ბიოლოგიურ აღჭურვილობას, მასობრივი არეულობების აღსაკვეთ ნივთიერებებს და იმ დამატებით ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებსაც რუსული არმია იყენებს. ასევე აიკრძალა ისეთი დამატებითი ინდუსტრიული პროდუქცია და ტექნოლოგია, როგორიცაა სათამაშო/სამოყვარულო დრონები, კომპლექსური გენერატორები, ლეპტოპები და კომპიუტერის კომპონენტები, ნაბეჭდი პლატები, რადიო-სანავიგაციო სისტემები, დისტანციური მართვის რადიოაპარატები, საავიაციო ძრავები და ძრავების შემადგენელი ნაწილები, კამერები და ლინზები.
მე-11 პაკეტში მოხვდა სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს განსაზღვრული სანქცირებული პროდუქციისა და ტექნოლოგიის იმ მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტირება, რომელთა იურისდიქციები გვერდის ავლის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ინდუსტრია
2022 წლის 15 მარტს ევროკავშირმა რკინითა და ფოლადით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემოიღო, რაც რუსეთს ექსპორტიდან დაახლოებით 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლებს დააკარგვინებს.
ვაჭრობა
ევროკავშირმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სხვა წევრებთან ერთად, 2022 წლის 15 მარტს გადაწყვიტა, რომ რუსულ პროდუქტებსა და სერვისებს ევროკავშირის ბაზრებზე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს გაუუქმებდა. ამას წინ უძღოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების 11 მარტის განცხადება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ სარგებელს, რომელსაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისგან იღებს.
ევროკავშირმა ასევე შემოიღო საიმპორტო აკრძალვა ცემენტზე, რეზინის პროდუქციაზე, ხე-ტყის მასალაზე, ალკოჰოლურ სასმელზე (არყის ჩათვლით) და ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტზე (ხიზილალას ჩათვლით). 21 ივლისს კი, შეზღუდვა შეეხო რუსული ოქროს იმპორტსაც.
სავაჭრო შეზღუდვები გაფართოვდა 6 ოქტომბერს და შეეხო მანქანა-დანადგარებს, პლასტმასას, სატრანსპორტო საშუალებებს, ტექსტილს, ფეხსაცმელს, ტყავს, კერამიკას, გარკვეულ ქიმიურ ნაწარმს, ხის მერქანსა და ქაღალდს, სიგარეტს, კოსმეტიკურ ნაწარმსა და სამკაულებში გამოყენებულ ისეთ მასალას, როგორიცაა ძვირფასი ქვები და ლითონები. ეს ის პროდუქციაა, რომლით ვაჭრობაც რუსეთის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილზე იყო პასუხისმგებელი.
მედია
ევროკავშირმა სამაუწყებლო საქმიანობა შეუჩერა მედიასაშუალებებს, Sputnik და RT/Russia Today, ასევე არხებს, Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24/Russia 24 და TV Centre International. ეს კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლები გახლავთ, რომელთა სამიზნეც უკრაინისა და ევროკავშირის აუდიტორიებია. ისინი ავრცელებენ პროპაგანდას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მეცხრე პაკეტის ფარგლებში სანქცირებულ მედიასაშუალებათა სიას დაემატა ოთხი არხი: NTV, Pervyi Kanal, Rossiya 1 და REN TV.
ეს შეზღუდვა ძალაში იქნება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სანამ რუსეთის ფედერაცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნებისადმი მიმართულ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირებას.
ინდივიდუალური სანქციები
შემზღუდველი ზომები ამჟამად თითქმის 1,800 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეყვანილ პირებს აქტივები გაეყინათ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ. გარდა ამისა, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გადაადგილების უფლებაც ჩამოერთვათ.
ამ სიაში შეყვანილები არიან: რუსეთის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციას და აღნიშნულ ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის დადებულ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.
სიაში ასევე მოხვდნენ ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორებში, მეტალურგიულ, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციის და ციფრულ მრეწველობაში დასაქმებული ოლიგარქები თუ ბიზნესმენები, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები, ასევე უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში მონაწილე სამხედრო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები და პროპაგანდისტები. ყველა მათგანი უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს და მოსახლეობაში რუსეთის ინტერვენციაზე დადებითი განწყობის შექმნას უწყობს ხელს.
6 ოქტომბრიდან მოყოლებული, სიას დაემატა ის პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიაში და რომლებმაც წვლილი შეიტანეს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე/ოლქებში ჩატარებულ ფსევდო რეფერენდუმების ორგანიზებაში.
ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, აკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოებთან სხვადასხვა სექტორში — კერძოდ, კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. 6 ოქტომბერს კი ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში ან კონტროლის ქვეშ არსებული იურიდიული პირების თუ ორგანიზაციების მმართველ ორგანოებში ნებისმიერი სახის თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.
ამასთან, დიპლომატებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, ხოლო სხვა რუსი ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომდგენლები ვეღარ სარგებლობენ გამარტივებული სავიზო პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება არ ეხება რიგით რუს მოქალაქეებს.
ევროკავშირმა ე.წ. „ოქროს პასპორტების“ გაცემის შეზღუდვის შესახებაც მიიღო ზომები. ეს პასპორტები მდიდარ რუსებს ევროკავშირის მოქალაქეებად გახდომის საშუალებას აძლევს. მან ასევე დააწესა ევროკავშირის საექსპორტო აკრძალვა ფუფუნების საგნებზე (მაგალითად, ძვირადღირებულ მანქანებზე, საიუველირო ნაკეთობებზე და სხვა), რაც „უშუალოდ რუსეთის ელიტას მიაყენებს დარტყმას.“
ევროკავშირი ისტორიაში პირველად აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?
უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას მიაწოდებს.
ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. თანხა 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშებით 2022 წლის 23 მარტს, 13 აპრილს, 13 მაისს, 19 ივლისსა და 17 ოქტომბერს და 2023 წლის 23 იანვარს გაიზარდა, რის შედეგადაც დაფინანსებამ მთლიანობაში 3.6 მილიარდი ევრო შეადგინა.
ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას.
დამატებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ორწლიან სამხედრო დახმარების მისიას (EUMAM Ukraine) შექმნის. მის ფარგლებში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს წვრთნები უტარდებათ. მისია ასევე კოორდინირებას უწევს ევროკავშირის იმ ქვეყნების საქმიანობას, რომლებიც უკრაინაში წვრთნებს გამართავენ.
ცნობისთვის, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ 2023 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ყველა სახის იარაღით მომარაგებისთვის საერთო ჯამში, დაახლოებით, 20 მილიარდი ევრო დახარჯეს.