აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი შესრულდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, ომს 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო.


ამ დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან.

  • გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.


ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა - კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან,” -  აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.


შეგახსენებთ, დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.