მოლდოვის მთავრობამ დსთ-ს ფარგლებში განიარაღების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო კომისიის შესახებ შეთანხმების დენონსაციის პროექტი დაამტკიცა.
მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ აღნიშნა, რომ 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულება რესპუბლიკისთვის არ არის აქტუალური.
მისი თქმით, 1994 წელს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოლდოვა არ მონაწილეობს დსთ-ს ფარგლებში სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვაში. გარდა ამისა, მოლდოვას რესპუბლიკა იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს და ახორციელებს საერთაშორისო დოკუმენტებს განიარაღების სფეროში. კერძოდ, ევროპაში პირობითი შეიარაღებების შესახებ დოკუმენტს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
მოლდოვის პარლამენტმა 9 ივლისს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
დენონსაციის შესახებ ყველა კანონი პარლამენტს ახლა უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული.
ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება.
შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის".
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს.
10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.