თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 15 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი შეემატება.
„ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ,“ - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, ვაკის რაიონში 5 ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში - 4, დიდუბეში - 4, ნაძალადევში - 2, ჩუღურეთში - 2, მთაწმინდაზე - 3, ისანში - 4, გლდანში - 1, სამგორში - 3, კრწანისში - 2, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.
თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.