კალაძის თქმით, ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო.


„გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა შესაბამისი სამუშაო და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს.

მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა.

პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.


კალაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოს გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაო საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის ამსახველი ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში 14 აგვისტოს გაავრელა. თბილისის მერიის ცნობით, დაზიანდა ერთი ავტომანქანა. არავინ დაშავებულა.