საპატრიარქოს განცხადებით, 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია.
„ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველ იერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.
ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრიარქო შოვის სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება.