საპატრიარქო შოვის სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ემიჯნება

საქართველოს საპატრიარქო შოვის ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება.

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკაონ არასწორი შეფასებებისაგან.“

„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკაონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვის სტიქია ერთი წლის წინ ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. მისი ქადაგებიდან ამონარიდი გავრცელდა, რომლის თანახმად, „ფესტივალის 3 დღის განმავლობაში, „ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა.“