რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - მედია

თურქეთმა 2016 წელს  მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ Hurriyet თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.


გამოცემას თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია - FETO-ს მხარდამჭერია. თურქეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს.


თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის დეკემბერში, გამოფენის - „რუსეთი თურქების თვალით“ გახსნაზე გამოსვლისას მოკლეს.

კარლოვის მკვლელობის განაჩენი 2021 წლის მარტში გამოცხადდა. სასამართლომ ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რვა მსჯავრდებულს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ექვსი ბრალდებული გამართლდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.