უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა. მან სამხედროების პოზიციები მოინახულა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ პრეზიდენტის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა.
პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი შეხვდა დანაყოფ „ტავრიის“ ჯარების ჯგუფის მეთაურს, ალექსანდრე ტარნავსკის და რამდენიმე დანაყოფის, მათ შორის, 47-ე და 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო მოიერიშე ძალების 46-ე საჰაერო-მობილური ბრიგადის განლაგებები და მართვის პუნქტები დაათვალიერა.
„დღეს მელიტოპოლის მიმართულებაზე ჩვენს დამცველებთან ჩვენი სამუშაო და შეხვედრები გავაგრძელეთ.
ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში, და ამჟამად თავდასხმით ოპერაციებს აწარმოებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ბრიგადის მეთაურთან ყველაზე პრობლემური საკითხები განვიხილეთ.
მადლობა, მებრძოლებო, თქვენი სამსახურისთვის! მადლობა მტრის მოგერიებისთვისა და ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის!” - წერს ზელენსკი.