ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა დროებით აეკრძალებათ.
უახლოეს მომავალში სამინისტრო კოალიციურ პარტნიორებს და საზოგადოებას პროექტს წარუდგენს.
ახლა ესტონეთში მცხოვრებ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ. შემდეგი ასეთი არჩევნები ესტონეთში 2025 წელს გაიმართება.
კანონპროექტი ამტკიცებს, რომ დღევანდელ პირობებში, ესტონეთში რუსების ასეთი უფლება საფრთხეს უქმნის შიდა მშვიდობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ესტონეთი არ იძლევა გარანტიას, რომ ადგილობრივი რუსები „თავისუფლები არიან თავიანთი ქვეყნის გავლენისგან."
შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ესტონეთმა ან ევროპარლამენტმა აგრესორებად აღიარეს, უნდა აეკრძალოთ ხმის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ლიეტუვაში ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ 1164 ბელორუსი და რუსი აღიარეს.