საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.
საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
განხლება: საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვათაცვენის ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოს მეთოდოლოგია: „მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის.“