საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა,“ - წერია ინფორმაციაში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
„მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ 2024 წლიდან უკვე მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში.
ტურიზმი, ყველამ იცით, რომ არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში, მომავალში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.