შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს.
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით.”
საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება.
„რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს,” - წერს შვეიცარიის ფედერალური საბჭო.
„მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული საფუძვლით, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით,” – ნათქვამია ამავე განცახდებაში.
მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭომ ხსენებული ზომა ევროკავშირის (EU) გადაწყვეტილების შესაბამისად შემოიღო. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის სახელმწიფო, შვეიცარია შენგენის ნაწილია და ვალდებულია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.
რუსეთმა უკრანის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.