ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამასთან, ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აგნე ბილოტაიტე აცხადებს, რომ ახლა რთული სათქმელია ბელორუსთან საზღვრის სრული ჩაკეტვის შემთხვევაში, ავტომატურად დაიხურება თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელთან და მთელმა გუნდმა განიხილა არა მხოლოდ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა, არამედ სხვა ვარიანტებიც, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა, რადგან შეიძლება იყოს სხვადასხვა საფრთხე და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა ბილოტაიტემ.

„ამ ეტაპზე უნდა ვთქვა, რომ რეალური საფრთხეები არ გვაქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ არის გარკვეული რისკი, რომ შესაძლოა, იყოს სხვადასხვა სახის პროვოკაცია“, – განაცხადა მინისტრმა.


შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა.

ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.