კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ჰერმან ანდაიამ გადადგომის მიზეზად „ჯანმრთელობის მდგომარეობა“ დაასახელა.
უფრო ადცრე ჰავაის კუნძულის მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხანძარზე უფრო ძლიერ სასწრაფო რეაგირებას მეტი ადამიანის გადარჩენა შეეძლო.
„მაუის სისტემა კუნძულის ირგვლივ 80 სირენას (გამაფრთხილებელი სისტემა, რედ.) მოიცავს, ტესტირება ყოველი თვის პირველ დღეს ხდება, თუმცა ხანძრის დღეს ისინი დუმდნენ,“ - წერს BBC.
მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს. მან განმარტა, რომ სირენები ძირითადად ცუნამის დროს გამოიყენება.
„საზოგადოება დატრენინგებულია იმისათვის, რომ თუ სირენა ჩაირთვება, უფრო შემაღლებული ადგილი მოძებნონ. იმ ღამეს რომ სირენა ჩაგვერთო, ვშიშობ, ხალხი მთებისკენ წავიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ცეცხლის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ,“ - განაცხადა ანდაიამ 17 აგვისტოს CNN-ის ცნობით.
ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 111 ადამიანი. 1000-ზე მეტი დაკარგულად რჩება.