თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას, 20 აგვისტოს უნგრეთში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განიხილავს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქული გაზეთი Yeni Şafak-ი.
ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, ახლა კი, თურქეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკების დეტალები გახდა ცნობილი.
კერძოდ, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გარდა, თურქეთისა და უნგრეთის საერთო ინტერესებზე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენას განიხილავენ.
„განისაზღვრება საგზაო რუკა, რათა არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია შავ ზღვაში," წერს მედია დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ამასთან, თურქული და უნგრული მხარე NATO-ს გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე იმსჯელებენ, რაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებასთან და ევროკავშირთან თურქეთის დაახლოების მისწრაფებებთან არის დაკავშირებული.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, თურქეთის ლიდერი უნგრეთში შესაძლოა, პუტინის წარმომადგენელს, თათარსტანის პრეზიდენტს რუსლან მინნიხანოვს შეხვდეს და, სავარაუდოდ, მხარეები „მარცვლეულის გარიგებაში" მოსკოვის დაბრუნების სანაცვლოდ, რუსული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდებიან.