პარასკევს, 18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უსაფრთხოების პირველ სამმხრივ სამიტზე აშშ-ში, მერილენდის შტატში, კემპ დევიდში შეხვდნენ.
სამიტის მონაწილეები სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივად დაგმეს ჩინეთის „საშიში და აგრესიული ქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ლიდერები „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ ყოველგვარ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს კვო ინდო-წყნარი ოკეანის წყლებში.“
შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სამმხრივ სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. აზიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეების ლიდერებთან შეხვედრა, საერთაშორისო მედიის მიერ ისტორიულად შეფასდა.
ეს იყო კემპ დევიდის პირველი სამიტი, რომელიც ბაიდენმა უცხოელი ლიდერებისთვის გამართა. ეს სამიტი პირველი იყო კემპ დევიდში მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2015 წელს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლა.
სამიტის განცხადებაში სამი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, კრიზისების დროს დაუყონებლივ გაიარონ კონსულტაცია ერთმანეთთან და მოახდინონ რეაგირება რეგიონალურ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ინტერესებზე.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად ჩაატარონ სამხედრო წვრთნები და გაიზიარონ რეალურ დროში ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ. სამმხრივი სამიტები ყოველწლიურად გაიმართება.
„ჩვენ ვაცხადებთ ჩვენი მთავრობების ვალდებულებას, კონსულტაციები გაუწიონ ერთმანეთს დაჩქარებული წესით, რათა კოორდინირდეს ჩვენი რეაგირება რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს კოლექტიურ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე. ამ კონსულტაციების მეშვეობით ვაპირებთ ინფორმაციის გაზიარებას, და რეაგირების მექანიზმების კოორდინაციას.
ამ მიზნით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სამმხრივ კომუნიკაციის მექანიზმს, რათა ხელი შევუწყოთ რეგულარულ და დროულ კომუნიკაციას ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის ეროვნულ ხელმძღვანელობას შორის. ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, დავიცვათ რეგიონული უსაფრთხოება, გავაძლიეროთ ინდო-წყნარი ოკეანის ჩართულობა და ხელი შევუწყოთ საერთო კეთილდღეობას.
ჩვენ ვაღიარებთ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და სათვალთვალო ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებისგან მომდინარე საფრთხეს, ჩვენ ასევე განვიხილავთ გზებს, რათა კოორდინირდეს ჩვენი ძალისხმევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ - წერია განცხადებაში. მასში ასევე ხაზგასმულია დემოკრატიის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა.
განცხადების ავტორები უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.
„ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი ომის წინააღმდეგ, რომელმაც შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძველი.
ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავაგრძელოთ უკრაინას დახმარება კოორდინირებული, მკაცრი სანქციების დაწესებით რუსეთზე და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების დაჩქარება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.