რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი, გაეროს გენერალური ასამბლეა - აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები,” - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს.
უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა.
ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.