ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ორი ლიდერი პუტინის თურქეთში ვიზიტზე შეთანხმდა.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანმა პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. ერდოღანი ხაზს უსვამს „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობას, რომელსაც მან „მშვიდობის ხიდი“ უწოდა


პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის ინიციატივის დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს და რომ დაბალი შემოსავლის მქონე და მარცვლეულის საჭიროების მქონე ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ფასები ბოლო ორ კვირაში 15 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, თურქეთი შავი ზღვის ინიციატივის გასაგრძელებლად, მუშაობას განაგრძობს.

ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვევა. ამის შესახებ ერდოღანმა 8 ივლისს, ანკარაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. 

შეგახსენებთ, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებულმა შეთანხმებამ უკრაინას შავი ზღვის პორტებით მარცვლეულის ექსპორტის საშუალება მისცა.

კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: