რომის პაპმა ამერიკელ გენერალ მარკ მილის უმასპინძლა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი მარკ მილი ორშაბათს ვატიკანში შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი. 

როგორც მილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომის პაპთან საუბრიდან მან შეიტყო, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ადამიანების დაკარგული სიცოცხლის გამო უკრაინაში, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

„მას ძალიან აინტერესებდა ჩემი მოსაზრებების მოსმენა ომში არსებულ ვითარებაზე და ადამიანურ ტრაგედიაზე, რომელიც დატრიალდა უკრაინაში,“ - განაცხადა გენერალმა.


გასაოცარია 86 წლის პაპის ცოდნის სიღრმე მსოფლიო მოვლენების შესახებ. უბრალოდ იქ ყოფნა, მასთან საუბარი აქტუალურ თემებზე... ნამდვილი პრივილეგია იყო," - აღნიშნა მილიმ.

AFP-ს ცნობით, ამავე შეხვედრაზე განიხილეს აფრიკის საკითხიც.

ვატიკანს აუდიენციის დეტალები არ გაუსაჯაროებია.


რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, უკრაინაში მშვიდობისკენ რეგულარულად მოუწოდებს, ხოლო მისი წარმომადგენელი მატეო ზუპი მაისსა და ივნისში ეწვია კიევსა და მოსკოვს. ვატიკანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზუპი მალე პეკინში გაემგზავრება.

ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ვატიკანმა მხარი დაუჭიროს კიევის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტას.