კულებას თქმით, კიევს აქვს ყველა შანსი, რომ ფინეთისა და საქართველოს პრეცედენტისგან განსხვავებული სამშვიდობო პირობები მიიღოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევს აქვს ყველა შანსი, მიიღოს ისეთი სამშვიდობო პირობები, რაც სსრკ-ფინეთის ომის, რუსეთ-საქართველოს ომის ან 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიღებულისგან განსხვავდება.

უკრაინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კიევი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის მომავლის შესახებ ონლაინ ლექციის დროს განაცხადა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მიმართ გამოხატულ საერთაშორისო მხარდაჭერას მაღალი შეფასება მისცა. აღნიშნა, რომ ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიომ ისწავლა წარსულის შეცდომებზე.“


შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეცდომა უწოდა.

განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს ეხებოდა.“

„მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა,“ – განაცხადა სტიან იენსენმა.


მანამდე საერთაშორისო მედიაში განხილვის თემა იყო  NATO-ს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, „უკრაინას შეუძლია, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, წევრობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.“

NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის თქმით, ეს შეიძლებოდა, გამოსავალი ყოფილიყო არსებული სიტუაციიდან. ამ სიტყვებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა, კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამ თემაზე დისკუსია კიევისადმი NATO-ს გენმდივნის მხარდამჭერი გზავნილით დაიხურა.