ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრი, ტაქსინ შინავატრა 15-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს.
ყოფილი პრემიერი 2006 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ის ბოლოს ტაილანდს 2008 წელს ეწვია და სასამართლოს წინაშე წარსდგა. პოლიტიკოსი დააპატიმრეს, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, საბოლოოდ დატოვა ქვეყანა.
სასამართლომ შინავატრა დაუსწრებლად გაასამართლა რიგი ბრალდებებით, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და კორუფციის საქმეებზე.
აეროპორტში შინავატრას მისი მხარდამჭერები დახვდნენ. მანამდე შინავატრას მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნის პრემიერი გახდა. პოლიტიკოსის უმცროსმა ქალიშვილმა, პატონგტარნ შინავატრამ განაცხადა, რომ მამა პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. თუმცა The New York Times-ის ცნობით, ბევრ ტაილანდელ ამომრჩეველს ამის არ სჯერა.
პოლიტიკოსი უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები წაუკითხეს, რის შემდეგაც, შინავატრა ციხეში გადაიყვანეს. მედია აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ასაკის გათვალისწინებით, შეწყალებას მოითხოვს.
შინავატრას ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2001 წლიდან 2006 წლამდე ეკავა.
2006 წელს სამხედროების ჯგუფმა, რომელსაც სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ხელმძღვანელობდა, გადატრიალება მოახდინა, როდესაც შინავატრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა.
BBC წერს, რომ არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტაქსინ შინავატრამ ქვეყანაში ჩასვლამდე გარიგება დადო, რომელიც მას ხანგრძლივი პატიმრობისგან თავის არიდების შესაძლებლობას მისცემს.