„დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო საათის აღრიცხვის ვალდებულების შესახებ, საკანონდებლო ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა თუ საათობრივი მინიმალური ხელფასი არ დადგინდა, ეს კანონი საკმარისად ეფექტური ვერ იქნება", - ამის შესახებ Europetime-ს ორგანიზაცია „გილდიის“ დამფუძნებელმა და შრომის უფლებების მკვლევარმა გიგა ბექაურმა განუცხადა, ახალ საკანონდებლო ცვლილებათან დაკავშირებით.
პირველი მარტიდან, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. „ტაბელის ცხრილის“ შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.
„ტაბელის ცხრილის" შესახებ საკანონდებლო ცვლილება, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრის ბრძანებულებით განისაზღვრა და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
„დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია, დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტების გაცნობა", - ნათქვამია დოკუმენტში.
შრომის უფლებების მკვლევრის განმარტებით, კვლევების შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როცა ადამიანები მუშაობენ კვირაში 60-70 საათს და იმდენ ანაზღაურებას იღებენ, რაც წესით მხოლოდ 40-50 საათის მუშაობაში უნდა აეღოთ.
„კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირი იყო მომსახურების სექტორში. ამას მოპარულ ხელფასს ეძახიან. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საჭიროება დგება. რადგან, მიუხედავად სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებისა, შესაძლოა, დამსაქმებელმა მიმართოს მანიპულაციას. მაგალითად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულს დაბალი ხელფასი ჩაუწერონ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასით მიიყვანონ იმ ტარიფამდე, რის მიცემასაც აპირებდნენ.
აქამდეც ხშირი იყო ასეთი შემთხვევები და ახლა უფრო გახშირდება. დღემდე ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვის ვალდებულება არ არსებობდა. ახლა, როცა კანონით ეს ვალდებულება გაჩნდა, დამსაქმებლები უფრო ხშირად გამოიყენებენ ამ სქემას. შეეცდებიან, მაქსიმალურად დაწიონ ძირითადი სამუშაო საათების ხელფასი და თავი დააზღვიონ, რომ ზეგანაკვეთურ შრომაში მეტი არ გადაუხადონ დასაქმებულს. ამიტომ, ეს უნდა დარეგულირდეს, საათობრივი მინიმალური ხელფასის დადგენით. ზეგანაკვეთური სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემის ეფექტურობა, მინიმალურ ხელფასის განსაზღვრასთან ბმაშია", - აღნიშნა Europetime-სთან საუბრისას შრომის უფლებების მკვლევარმა.
მისივე განცხადებით, წესით, შრომის კოდექსში სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება და მინიმალური ხელფასი თანმიმდევრულად უნდა განხორციელებულიყო.
„ჩვენ სწორედ ამიტომ ვითხოვდით წინა კანონპროექტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას. მინიმალური ხელფასის საათობრივად განსაზღვრა ამ საკითხს დაარეგულირებდა. თუმცა ცალსახად ვამბობ, რომ ეს ცვლილებაც წინგადადგმული ნაბიჯია და კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ეს ცვლილება დაკავშირებულია შრომის რეფორმის ახალ ტალღასთან, ზეგანაკვეთური შრომის და სამუშაო საათების ზუსტ ათვლაზე. ამით, დამსაქმებლის მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების აღსრულების მექანიზმი გაძლიერდა.
შრომის კოდექსში აქამდე კი ეწერა ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება, თუმცა საათების ათვლა არ ხდებოდა. ამ საკითხზე სასამართლოში რამდენიმე საქმე შევიდა. თუმცა იქ მოხდა აღრიცხვა და დაანგარიშება, რადგან შრომის კონტრაქტში ეწერა 56 სამუშაო საათი, როცა კანონით გათვალისწინებულია 40 საათი. სწორედ ის 16 საათი დაანგარიშდა და დასაქმებულმა იმის მიხედვით მიიღო კომპენსაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებით. ისე, რომ კომპანიებს ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ეწარმოებინათ სამუშაო საათების აღრიცხვა, ასეთი რამ აქამდე არ ხდებოდა. ამიტომ აღნიშნული ცვლილება რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია.
ადმინისტრირების თვალსაზრისით არ იქნება რთული პროცესი. თავიდან ბიზნესასოციაციის მხრიდან იყო პროტესტი, როგორ წარმოგიდგენიათ ამის აღრიცხვაო. თუმცა რეალურად, მეტ-ნაკლებად, ისედაც აღირიცხებოდა სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგან არსებობს ბარათებით შესვლა-გამოსვლის პრინციპი. უბრალოდ ახლა დამსაქმებლებს ვალდებულება აქვთ, აღრიცხვის გარდა, მონაცემები ერთი წელი შეინახონ და საჭიროების შემთხვევაში შრომის ინსპექტორს და სასამართლოს წარუდგინონ. ეს ჩანაწერი შრომის კანონმდებლობას უკეთ აღსრულების შესაძლებლობას აძლევს. კანონში, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ჩანაწერი, აქამდე მხოლოდ ზედაპირული იყო", - განმარტავს შრომის უფლებების მკვლევარი და კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, "გილდიას" დამფუძნებელი გიგა ბექაური.
მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა