საფრანგეთი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მასპინძელ ერთ-ერთ ადგილად განიხილება.
ამის შესახებ საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, სერიოზულად იმუშაოს მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტის - „აღდგენა და შესაბამისობა რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებასთან“ განხორციელებაზე.
„საფრანგეთის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას აცნობა, როგორც კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარადგინა ეს ფორმულა. პარიზი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეცედენტები (რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურების დაკავება და კრემლის მიერ ბირთვული შანტაჟი) საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, რადგან მან შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს,“ - განაცხადა ელჩმა.
ომელჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონი სრულად უჭერს მხარს უკრაინულ ფორმულას მშვიდობისთვის, რის გამოც ფრანგები საუბრობენ მის ყველა პუნქტის განხორციელებაში დახმარების სურვილზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს, 2 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს.
ზელენსკი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივით გასული წლის დეკემბერში გამოვიდა.
მან მშვიდობის უკრაინული ფორმულა G20-ის სამიტზე, გასული წლის ნოემბერში წარადგინა.