უკრაინა ყოველთვის იყო ლიდერი სამშვიდობო ძალისხმევის თვალსაზრისით და მსოფლიოც ამის მოწმე იყო. თუ რუსეთი იტყვის, რომ თითქოს, უნდა ამ ომის დასრულება, საქმით დაამტკიცოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა - როცა ხერსონი თავისუფალია. რაშისტებისაგან მთელი ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, კიდევ ცოტა ხანი მოგვიწევს ბრძოლა... ბრძოლა! თუმცა, თუ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი იქნება და ამაში დარწმუნებული ვართ, მაშინ არ უნდა ვეცადოთ მშვიდობის ჩვენი ფორმულის განხორციელებას, რათა გადავარჩინოთ ათასობით სიცოცხლე და დავიცვათ მსოფლიო შემდგომი დესტაბილიზაციისგან?
სწორედ ამიტომ, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე - როგორ მივაღწიოთ რეალურად მას? არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა თქვენგანისთვის, თქვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის.
მე მინდა, რომ ეს აგრესიული რუსული ომი სამართლიანად და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდეს. უკრაინას არ უნდა შესთავაზონ კომპრომისების დადება მის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და ჩვენი სიტყვის ხალხი ვართ.
თუ არ არსებობს კონკრეტული ქმედებები მშვიდობის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს, მოგატყუოთ ყველა თქვენგანი, მოატყუოს მსოფლიო და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხება განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.
„უკრაინის წინადადებები ასეთია: 1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 2. სურსათის უვნებლობა; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობის აღდგენა; 8. ანტი-ეკოციდი; 9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დასრულების დაფიქსირება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
პუტინი სამიტს არ ესწრება, ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ G19-ს მიმართა, რადგან ის „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვას ითხოვს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.