აშშ ჩინეთს ეკონომიკური „გამჭვირვალობის შემცირების“ გამო აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადი ეკონომიკური მონაცემების შესახებ ანგარიშების გამჭვირვალობის შემცირებისთვის აკრიტიკებს.  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ გამჟღავნებულ მონაცემებში ნაკლები გამჭვირვალობა დაინახა.

მისი განმარტებით, ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული მონაცემების ღიაობისა და გამჭვირვალობის დონე ახალგაზრდების უმუშევრობისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ შემცირდა, ხოლო კერძო ფირმებს ჩინეთის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეუძლიათ.


სალივანმა ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ საშუალებით „იძულებითი" დაკრედიტების პრაქტიკაზე მიანიშნა. მისი თქმით, ინდოეთში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა მომავალი სამიტის დროს, ბაიდენი ხელს შეუწყობს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს „სანდო ალტერნატივა." 


აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი ვაჭრობის საკითხებში მდივან, ჯინა რაიმონდოს პეკინში ვიზიტამდე კეთდება. ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მესამე ვიზიტი ჩინეთში ბოლო თვეების განმავლობაში. სალივანმა განმარტა, რომ პეკინში ვიზიტის დროს რაიმონდო მკაფიოდ განაცხადებს, რომ აშშ არ ისწრაფვის ჩინეთთან დაპირისპირებისკენ. სალივანის განმარტებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა ვიზიტის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი იქნება.

შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.