რა რეკომენდაციებს გასცემს ინფექციონისტი კურორტებზე დამსვენებელთათვის

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. მისივე თქმით, ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა ზაფხულის სეზონისთვის ჩვეულია.

ინფექციონისტმა განმარტა, რომ დიარეული დაავადებების დროს ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია. ბუწაშვილის თქმით, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი, გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა.


„კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

პირველი ის, რომ ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს და ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. მეორეა ის, რომ გადატვირთული საკვები ქსელები, სავარაუდოდ, კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სიცხეში საკვებზე მარტივად მრავლდება მიკროორგანიზმები. როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.“


ინფექციონისტის რჩევაა, მოვერიდოთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ვართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები.

„როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება. თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა. თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით.


ასევე ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.