ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებები უკრაინაში სექტემბერში ჩავა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ნაუსედამ, რომელიც კიევში დღეს, 23 აგვისტოს ჩავიდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭერს მხარს.
„დღეს კიევში ვუთხარი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვემადე გააგრძელებს. ლიეტუვა NASAMS-ის გამშვებებს უკრაინას მომავალ თვეში გადასცემს,“ - წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.
„ყოველთვის მოხარული ვარ, რომ მივესალმები გიტანას ნაუსედას კიევში. მადლობა გადავუხადე გიტანასს ლიეტუვის მხრიდან უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. სამხედრო დახმარება, მშვიდობის ფორმულა, მარცვლეულის ექსპორტი, აღდგენა და სხვა საკითხები. ჩვენ გვაქვს სრული გაგება და მზადყოფნა, ვიმუშაოთ ერთად“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 5 აგვისტოს გამოაცხდა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებებს, საზენიტო თვითმფრინავების სისტემებსა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას.
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკრაინას Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენები, L-70 საზენიტო სისტემები, საბრძოლო მასალა, M113 ჯავშანტრანსპორტიორი და ნაღმტყორცნები გადასცა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს დღემდე აგრძელებს.