რუსეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა ვაგნერის ბოსი ევგენი პრიგოჟინი, ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანიც დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
განახლება: BBC-ის ცნობით, ვაგნერის ბოსი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, როსავიაციის ინფორმაციით, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე 10 მგზავრი, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეს სამსახურიც ადასტურებს, რომ ყველა მათგანი დაიღუპა. ამავე წყაროს ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი რეისს ასრულებდა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“