1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია მიიღო. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
„კონსტიტუციით დამკვიდრდა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ხოლო სახელმწიფოებრივ მიზნად განისაზღვრა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და დამოუკიდებლობის განმტკიცება. 1995 წლის კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, 2017-2018 წლების კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ამკვიდრებს თანამედროვე ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას. 1995 წლის კონსტიტუცია ეყრდნობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის პირველი კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.
„24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს - სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.
საქართველოს კონსტიტუცია - ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან - დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.
ეს დღე - ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად”, - აღნიშნავს თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24 გავრცელებულ განცხადებაში.