უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში წინა კვირებზე ნაკლები არ იქნება.
„უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ. ჩვენი საერთაშორისო აქტივობა წინა კვირებთან შედარებით არანაკლებ ინტენსიური იქნება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავდაცვა.
ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი მეომრებისთვის. არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, ასევე განაღმვის აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს.“
ზელენსკის თქმით, უკრაინა გეგმავს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების კრიმინალურ დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკრაინა ამას აფასებს. ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ანალოგიური სანქციების დაწესებაზე. ბავშვების დეპორტაცია, მცდელობა, მშობლიური ქვეყნის სიძულვილი ასწავლონ, რუსული გენოციდური პოლიტიკაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მხრიდან დაგმობას იმსახურებს. მადლობას ვუხდი თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს, რომლებიც გვეხმარებიან სამართლიანობის აღდგენაში. ერთიანი მსოფლიო უფრო ძლიერია, ვიდრე აგრესორი. სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება,“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ შემოდგომა დიპლომატიის თვალსაზრისით დატვირთული იქნება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა უკრაინა დაიცვას მათგან, ვინც მას ასუსტებს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლური სანქციების ქვეშაა. უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას აწარმოებს.