საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს.
„როგორც ცნობილია საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.
ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას,“- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყება 25 აგვისტოს კომენტარში მიუთითებდა, რომ ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებამ დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზა.
მედიის ცნობით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან იმყოფებოდა.