ერდოღანი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად შეერთებულ შტატებს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Star-ი. ვიზიტი 17-21 სექტემბერს იგეგმება.


გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

„მოსალოდნელია, რომ თურქეთის ლიდერი გამოვა მნიშვნელოვანი გზავნილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამოფობია, ლტოლვილები, კლიმატის ცვლილება, კვიპროსის პრობლემა, რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები და მარცვლეულის ტრანსპორტირება,“ - წერს მედია.


გაზეთი Milliyet-ი 26 აგვისტოს წერდა, რომ ერდოღანი ჩინეთს ეწვევა, თუმცა ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ იყო.