მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განცხადებით, გეოლოგიურმა სამსახურმა ამ მომენტისთვის დაასრულა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან წინასწარი დამატებითი კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
ამასთან, რეკომენდაციის საფუძველზე უახლოეს საათებში მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაო დაიწყება.
„ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები, შეისწავლეს არსებული ვითარება, რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაო. გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება და შეიზღუდება მომლოცველთა, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. პარალელურად განვაგრძობთ დაკვირვებას. ამ მომენტისთვის გეოლოგებმა არსებული ვითარება შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა,“ – აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარისას არავინ დაშავებულა. ინფორმაცია გაავრცელა საპატრიარქომაც.