ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები ​​პუნქტის დახურვას გეგმავს

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, ლიეტუვის მთავრობა ბელორუსის საზღვარზე კიდევ ორი ​​გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო წამოაყენებს წინადადებას კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის შესახებ. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები,“ - განაცხადა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაგზავნის მიზნით მიიღეს.

ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ.


დღეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო.

„კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება,“ – აღნიშნა კამინსკიმ.


მარიუშ კამინსკის თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერების, ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვა „არ ცვლის ფაქტობრივ ვითარებას ბელორუსში.“

„ვაგნერის“ ჯგუფმა უნდა დატოვოს რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან საერთაშორისო უსაფრთხოება ამას მოითხოვს,“ – განაცხადა კამინისკიმ.

ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. პუნქტები ოფიციალურად 18 აგვისტოდან დაიხურა.


შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.