კარასინის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებმაც აღიარონ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ „რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ."

„სამხრეთ ოსეთში“ ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ვიზიტისას მან განაცხადა, რომ „რუსეთმა უზრუნველყო და გააგრძელებს „სამხრეთ ოსეთის“ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სახელმწიფო მშენებლობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში."

„საკითხი მარტივი არ არის, რადგან დასავლეთი საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, აღიარება იქნება. „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია,“ - განაცხადა კარასინმა.

15 წლის წინ, ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.


რუსეთის ეს გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ გაიზიარეს. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ასევე ჰქოკნდათ ვანუატუსა და ტუვალუსაც.

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყავნის მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.