ჩეხეთი და აშშ რუსეთში „რაიფაიზენ ბანკის“ საქმიანობას იძიებენ

ჩეხეთის ტერორიზმთან ბრძოლის ნაციონალურმა ცენტრმა რუსეთში ავსტრიული Raiffeisen Bank-ის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მეწარმეთა ასოციაციისგან მიმართვა მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოებით, RBI უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიას აფინანსებს. 

„ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს, თუმცა საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია,“ - ამბობს ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენელი.


ჩეხეთის ტელევიზიის მონაცემებით, ბანკის მოგება რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის პირველ ნახევარში 9%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, Raiffeisen რუსეთში ფუნქციონირებას აგრძელებს.

ცნობისთვის, „რაიფაიზენ“ ბანკის უცხოური აქტივების შესწავლა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილებამ დაიწყო. უკრიაინამ კი, ავსტრიული ჯგუფი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. Forbes-ის ცნობით, ხსენებულმა ბანკმა 3 ივლისიდან თავისი კლიენტებისთვის ევროში გადარიცხვები 12 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შეაჩერა.