ესტონეთში NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგების ვადა გახანგრძლივდება

ესტონეთისა და ესპანეთის თავდაცვის მინისტრები ჰანო პევკური და მარგარიტა რობლესი ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ესპანეთის მიერ მიწოდებული NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგება გაგრძელდება. 

მედიის ცნობით, რობლესი ესტონეთში ესპანურ დანაყოფებს მომავალ კვირას ეწვევა.


ესპანეთმა NASAMS-ი ესტონეთში აპრილში NATO-ს აღმოსავლეთ ფრთის გაძლიერების ფარგლებში განათავსა. ვილნიუსის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, საჰაერო თავდაცვის ახალი როტაციული მოდელი შეექმნათ.


NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.

NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. სიას უკრაინაც დაემატა.