კიევზე რუსეთის ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ დღეს დილით კიევზე დრინებითა და რაკეტებით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო იუწყება.

პოპკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა

„კიევს გაზაფხულის შემდეგ ასეთი ძლიერი თავდასხმა არ განუცდია. მტერმა განახორციელა მასიური, კომბინირებული შეტევა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით," - აცხადებს პოპკო.

მისივე თქმით, რუსებმა თავდპირველად უპილოტო საფრენი აპარატები (წინასწარი მონაცემებით, Shahed-ის დრონები) გამოიყენეს, შემდეგ კი Ту-95мс ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან რაკეტები გაუშვეს.

„საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით მტრის 20-ზე მეტი სამიზნე განადგურდა," - აცხადებს სერგეი პოპკო.

 
თავის მხრივ, დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევები უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე შენობას მოხვდა.