გერმანიაში, დროებით დასაქმების აპლიკაცია უკვე საქართველოს 35 121 მოქალაქემ შეავსო. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
რაც შეეხება დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალს, სააგენტოს ცნობით, პორტალზე workabroad.moh.gov.ge უკვე 53 274 ადამიანია დარეგისტრირებული.
გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე.
სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. სამუშაო საათებიც და მინიმალური ხელფასიც გერმანიის კანოდნებლობით მკაცრად განსაზღვრულია და შრომითი ექსპლუატაციისგან, ემიგრანტებიც კი დაცულები არიან.
შრომის სპეციალისტები, საქართველოდან მიგრაციის ზრდის ტენდენციას, უმუშევრობის ფაქტორის გარდა, დასაქმებულთა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს უკავშირებენ.
Europetime-სთან საუბარში შრომის უფლებების მკვლევარი გიგა ბექაური აღნიშნავს, რომ კვლევების შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როცა საქართველოში ადამიანები მუშაობენ კვირაში 60-70 საათს და იმდენ ანაზღაურებას იღებენ, რაც წესით მხოლოდ 40-50 საათის მუშაობაში უნდა აეღოთ.
„კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირი იყო მომსახურების სექტორში. ამას მოპარულ ხელფასს ეძახიან. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საჭიროება დგება. რადგან, მიუხედავად სამუშაო საათების აღრიცხვის ახალი ვალდებულებისა, შესაძლოა, დამსაქმებელმა მიმართოს მანიპულაციას. მაგალითად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულს დაბალი ხელფასი ჩაუწერონ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასით მიიყვანონ იმ ტარიფამდე, რის მიცემასაც აპირებდნენ. ასეთი აფქტები აქამდეც ხშირი იყო და ახლა უფრო გახშირდება", - აღნიშნავს შრომის უფლებების მკვლევარი.
როგორც Europetime-ს დამოუკიდებელი პროფკავშირის, "გილდიას" წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა აცნობა, 2019 წელს (პანდემიამდე) საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის.
გასული წლის მხოლოდ 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, სამსახური დაკარგა 137 000 ადამიანმა. სახელმწიფო 200-ლარიან კომპენსაცია, პანდემიის პირველი ტალღის დროს სულ 162 000-მა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში 92 380-ით გაიზარდა სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად პანდემიის მიზეზით, გამოწვეული უმუშევრობა გახდა, თუმცა შრომის სპეციალისტების ცნობით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი წინა წლებშიც საგრძნობლად იმატებდა, ბევრი სხვა ფაქტორის გამო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკური მონაცმეებით, 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობას სულ 432 218 მოქალაქე იღებდა, უკვე დეკემბერში იმავე მაჩვენებელმა 524 598 შეადგინა. მოსახლეობის 14.1%-ს შეადგენს, გამოდის, რომ ქვეყნის ყოველი მეშვიდე მოქალაქე დეკლალირებულად სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
2018 წლის მონაცემებით, ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა.
ბოლო ოთხ წელში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ოდენობამ გადააჭარბა, განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. სტატისტიკის თანახმად ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ქართველი ემიგრანტები არიან. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ იანვრის თვეში უცხოეთიდან ფულადი გზვანილების ნაკადმა 493 მილიონი ლარი შეადგინა, თითქმის ნახევარდი მილიარდი ლარი.