ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერალურმა შტაბმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ორი მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე ბირთვული დარტყმების იმიტაციისთვის.
ფხენიანის განცხადებით 30 აგვისტოს, აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებთან ერთად ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რომელიც „აჩვენებს მათ განზრახვას, ჩრდილოეთ კორეაზე მიიტანონ პრევენციული ბირთვული დარტყმა.“ ამის საპასუხოდ კი, ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გაუშვა 2 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტები პირობითი სამიზნის თავზე, 400 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა.
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს ზღვაში ჩავარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული, მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
„კიმ ჩენ ინი აშკარად ავლენს ჩვენზე სამხედრო თავდასხმის განზრახვას საბაბად სამხრეთ კორეა-აშშ-ის წვრთნების ყოველწლიური თავდაცვითი წვრთნების გამოყენებით,“ - ნათქვამია სეულის განცხადებაში.